"დიუმას კლუბის" ავტორი ესპანელი მწერალი და ჟურნალისტი არტურო პერეს-რევერტეა – მისტიფიკაციის დიდოსტატი, რომელიც თავისი ნაწარმოებების წყაროდ ესპანეთის ისტორიას, ხელოვნებასა და კულტურას იყენებს.
ამ რომანის პერსონაჟები ბიბლიოფილები, ბუკინისტები და უბრალოდ, ლიტერატურის მოყვარულები არიან. ნაწარმოების მთავარი გმირი ლუკას კორსო ევროპაში დაეხეტება და ეძებს შუა საუკუნეების ფოლიანტს, რომლის გამომცემელიც კოცონზე დაწვეს. წიგნებზე მონადირეს ათასგვარი ხიფათისგან, არც მეტი, არც ნაკლები, დაცემული ანგელოზი იცავს, რომელსაც არტურ კონან დოილის ცნობილი პერსონაჟის სახელი და გვარი აქვს. რეალობისა და გამონაგონის ნაზავი, რამდენიმე გვამი, ეშმაკის გამოხმობის საიდუმლო რიტუალი და ჩვეულებრივი, ადამიანური ვნებები გმირების უჩვეულო და საინტერესო თავგადასავალს ქმნის.